განა ფიქრი უნდა იმ მიზეზების ჩამოთვლას, რომელთა გამოც boombully beach-ში უნდა დაისვენო???   Leave a comment

განა ფიქრი უნდა იმ მიზეზების ჩამოთვლას, რომელთა გამოც boombully beach-ში უნდა დაისვენო???
1. თბილისში დაბრუნებული ახალ წლამდე “იმარიაჟებ”, ბათუმის ყველაზე მაგარ სასტუმროში ვისვენებდიო.
2. სასტუმროს ულამაზეს ტერასაზე ისე გაირუჯები, ლეღვის ფოთოლი მიმიქარავს.
3. შენი 67 საღამოს კაბა , რვა წყვილი ფეხსაცმელი და ა.შ საგულდაგულოდ იქნება გადამალული. (boombullybeach hostel-ს ნივთების შენახვის არაჩვეულებრივი სერვისი აქვს)
4. ისეთი დაცვა გეყოლება, Whitney Houston-ს შეშურდებოდა.
5.საღამოობით “ბარბექიუ”-ს ჩაუჯდებოდი, უფრო სწორად, “ბარბექიუსთან ” მჯდომ შენს სიმპატიურ მეზობელს მიუჯდებოდი.
6.facebook-ი მოგენატრებოდა? უფასო Wi-Fi იქვე არ არის?
7.კიდევ ფიქრობ ოთახის ქირაობას, ან კარავში დასვენებას? მაშინ ბათუმის ცენტრში, 26 მაისის პარკთან ახლოს მაინც მოახერხე დაბინავება, Boombully Beach Hostel-ის ულამაზესი შენობის ყურებით მაინც რომ დატკბე.

Posted July 30, 2011 by bubucana in Uncategorized

ვფიქრობ, ლიტერატურის მოყვარულებს ეს ინტერვიუ დააინტერესებთ. ლიტერატურაში მიმიდნარე პროცესებზე ნინო დარბაისელი საუბრობს: დახვეწილი გემოვნების პატრონი და უზომოდ განათლებული ადამიანი. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ:))   Leave a comment

ხათუნა ქარდავა

თანამედროვე ლიტერატურის ავ-კარგიანობაზე დღეს ბევრი მსჯელობს. თუმცა ამაზე, ძირითადად, თავად მწერლები, პოეტები, ჟურნალისტები ან უბრალოდ, რიგითი მკითხველები საუბრობენ. აქედან გამომდინარე, საგაზეთო წერილები თუ სატელევიზიო სიუჟეტები ამა თუ იმ შემოქმედებითი ნაწარმოებისგან მიღებული შთაბეჭდილებებისა და კონკრეტული ავტორის ბიოგრაფიული მონაცემების გადმოცემით შემოიფარგლება. ზოგადად, თანამედროვე ლიტერატურაში მიმდინარე ცვლილებები თითქმის არ განიხილება. როცა ერთ ჩემს ნაცნობ მწერალს ვთხოვე, დღევანდელ ლიტერატურულ პროცესებზე ესაუბრა, ხელი ჩაიქნია და – სადღაა პროცესებიო, -მითხრა. ინტერვიუ, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, დაგარწმუნებთ, რომ თანამედროვე ქართულ მწერლობას არც ისეთი უიმედო პერიოდი უდგას. ჩემს კითხვებს ლიტერატურათმცოდნე ნინო დარბაისელი პასუხობს. ხათუნა ქარდავა:- ’’ პროფესიონალიზმი იწყება იმის ცოდნით,თუ რა არის შენს სფეროში შენამდე უკვე გაკეთებული’’ – ეს სიტყვები თქვენს ხელმოწერაში ამოვიკითხე საიტ ’’Literatura.ge’’-ზე, რომელთანაც ინტენსიურად თანამშრომლობთ. შესაძლოა, სხვა პროფესიებში მართლაც ასე იყოს, მაგრამ რამდენად გამოდგება ეს ფრაზა მწერლობაში. ამ ცოდნას მწერალი ხანდახან „მსგავსის მსგავსამდე“ ხომ არ მიჰყავს. როგორ უნდა მოახერხოს მწერალმა ძველის ცოდნაზე დაყრდნობით ახლის შექმნა . ნინო დარბაისელი: – ,,უკვე გაკეთებულის’’ ცოდნა მწერალს პირველ რიგში იმისთვის სჭირდება, რომ გაიგოს, რა და როგორ იქმნებოდა მის მოსვლამდე, რაც , თავისი მხრით, დაეხმარება გაარკვიოს, თუ რა არის გასაკეთებელი და აქედან რა შეუძლია თვითონ, რომ, როგორც იტყვიან ’’ახალი ველოსიპედის გამოგონებაზე’’ არ დახარჯოს შემოქმედებითი ენერგია. ხომ თითქოს მარტივად ჟღერს ეს ყველაფერი, სინამდვილეში კი დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, ამაში გალაკტიონის მაგალითიც ადვილად დაგვარწმუნებს. დაწყებული ჰომეროსის ქმნილებებიდან, მე არ მეგულება ღირებული ნაწარმოები, ძველის ცოდნას რომ არ ეყრდნობოდეს. სხვა საკითხია, რამდენად ჰყოფნის ნიჭიერება ამა თუ იმ შემოქმედს, საკუთარ არსებაში შეძლოს საკაცობრიო და პირადი ცოდნისა და გამოცდილების, ცნობიერი თუ არაცნობიერი ინფორმაციების აკუმულირება და შემდგომ ტრანსფორმირება ახალ ნაწარმოებში. ამ ყველაფერთან ერთად, ინტუიციაც ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მეტიც, უიშვიათეს, ბედნიერ შემთხვევებში შემოქმედებით ინტუიციას შესწევს უნარი, თავისი უეცარი გაელვებით შეავსოს ’’ძველი ცოდნის’’ ნაკლულოვნება. ხ.ქ.:-ქალბატონო ნინო, დღეს ქართული ლიტერატურის კრიტიკის არარსებობას ყველა აღიარებს. ვინ უნდა შეაფასოს ლიტერატურული ნაწარმოები: მკითხველმა, პროფესიონალმა ლიტერატურათმცოდნემ თუ ნაცნობ-მეგობარმა მწერლებმა. წერა, ეს ხომ მაინც „ინტიმური საქმეა“ და იქნებ მართლაც არ არის საჭირო ამ „ინტიმში“ კრიტიკულად ქექვა, პროზისა და პოეზიის „იზმებში“ მოქცევა. ნ.დ.: – მე ვერ მივაკუთვნებდი თავს იმ ,,ყველას’’, ვინც დღეს კრიტიკის არარსებობას აღიარებს. სამწუხაროდ, ასეთ აზრს ძირითადად ისინი იზიარებენ, ვინც კრიტიკის თვალთახედვის არეში ვერ ექცევიან ან ექცევიან, მაგრამ უკმაყოფილონი რჩებიან მისით. ადამიანებს, მით უმეტეს შემოქმედებს ქება და მაქებარი გვიყვარს. შენიშვნა კი , რაც არ უნდა მართებული იყოს, მაინც ძნელი მოსანელებელია, უარყოფითი შეფასება ხომ – მით უფრო. რაკი უარყოფითი შეფასება დამაჯერებლად დასაბუთებულიც შეიძლება იყოს და დაუსაბუთებელიც. გადასატანად უფრო ადვილი მაინც დაუსაბუთებელი კრიტიკა მგონია. ის რაღაც საშუალებას გიტოვებს, თავი უსამართლოდ დაჩაგრულად წარმოიდგინო, კრიტიკოსის შენდამი დამოკიდებულებაში რაღაც ღია თუ ფარული მიზეზების ძებნითაც დაიმშვიდო თავი, დამაჯერებლობას კი სად გაექცევი! გარკვეული მიზეზების გამო ტერმინი ’’კრიტიკა’’ ჩვენში ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ძალზე ვიწროდ მოიაზრებოდა და უფრო’,,განქიქებას’’ ნიშნავდა, ვიდრე ლიტერატურის დარგს, რომელსაც მრავალი მეთოდი და ჟანრი აქვს. ეს ტრადიცია თავისებურად კვლავ მოქმედია, მაგრამ პარალელურად გვაქვს კრიტიკული მემკვიდრეობა და თანამედროვე ქართული კრიტიკა, რომელიც დასავლური ლიტერატურულ-კრიტიკული აზროვნების მონაპოვარს უწყობს ფეხს. ამ რამდენიმე თვის წინ საიტ ’’ლიტერატურა.გე’’-ს ადმინისტრაციას შევთავაზე იდეა, ცალკე განყოფილება გაგვეხსნა კრიტიკისათვის.ეს განყოფილება ჯერ ფორმირების პროცესშია, მაგრამ დაინტერესებულ ინტერნეტ მკითხველს მალე შეეძლება, თავად დარწმუნდეს, რომ არა მხოლოდ გვაქვს და გვქონდა კრიტიკა, არამედ დღითიდღე უფრო მრავალფეროვანი ხდება იგი მის წინაშე დგება ახალი ზოგადი თუ კერძო ლიტერატურული პრობლემები, საკითხებისადმი მიდგომები და მეთოდებიც შესაბამისად ახალი და განსხვავებულია. წერა იქნებ მართლაც ’’ინტიმური საქმეა’’, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ავტორი, რომელიც თავისთვის წერს და მკითხველს(მკითხველებს) არ გულისხმობს შემოქმედებითი მუშაობის რომელიმე ეტაპზე მაინც. მწერალს რომ არ უნდოდეს ვიღაცამ წაიკითხოს მისი ნაწარმოები, არც გამოაქვეყნებდა და არც ჩვენ გვეცოდინებოდა მისი არსებობის ამბავი. არავის გაუჭირდება, აქ შემახსენოს იმ შემოქმედთა სახელები, რომელთაც არასოდეს გამოუქვეყნებიათ საკუთარი ნაწარმოებები და დღის სინათლე მხოლოდ გვიან ეღირსათ, მაგრამ გამონაკლისთა არსებობა წესს ადასტურებს. მე კი ზოგად წესზე მაქვს საუბარი . იდეალურ შემთხვევაში.ლიტერატურული ნაწარმოები უნდა წაიკითხოს ყველამ და ყველამაც შეაფასოს. კრიტიკოსი – მკითხველია, რომელსაც სპეციალური ცოდნა და გამოცდილება მოეთხოვება ტექსტების წაკითხვის, ანალიზისა თუ ინტერპრეტაციისათვის. რაკი გამოქვეყნებულ ნაწარმოებს ტირაჟი აქვს, მისი წაკითხვა ბევრს შეუძლია, კრიტიკოსი თუ ცდილობს, რაღაც კონტექსტში მოათავსოს ნაწარმოები, მის ინტერტექსტუალურ ბმათა კვალს გაჰყვეს, რათა უკეთ გააშუქოს იგი და ა.შ რიგითი მკითხველი ხომ შეუზღუდავია, საკუთარი აზრი შეიქმნას ნაწარმოების შესახებ. პირადი გამოცდილებიდან: ორი შინაური ’’კრიტიკოსი’’ ვერ მოვინადირე ამქვეყნად: დედაჩემი და შვილი. რომელიმე თუ მოვიხელთე, ლექსებს ძველებურად კი ვუკითხავ, მაგრამ მათ აზრს მაინც არ ვენდობი. მათ იმედად რომ მეწერა, ამ საქმისთვის დიდი ხნის დანებებული უნდა მქონდეს თავი. ამიტომაც მიხეილ ქვლივიძის სიტყვები რომ გავიმეორო, ’’მე ვწერ მკითხველო, შენი იმედით’’. ხ.ქ.:- წარსულის მაგალითიდან, ლიტერატურის ჯანსაღი კრიტიკის თვალსაზრისით, რომელ პერიოდს გამოყოფდით? ნ.დ.:- ქართული კრიტიკის დასაბამიდან ( რაც არც ისე შორია და ძირითადად ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას უკავშირდება) დღემდე ჯანსაღისა არა, მაგრამ არაჯანსაღი კრიტიკის პერიოდის მოქცევა უფრო შემიძლია პირობით ქრონოლოგიურ საზღვრებში – გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისიდან ორმოცდაათიანამდე. შემდგომში’’ ჯანსაღი’’ და ’’არაჯანსაღი’’ კრიტიკა დიალექტიკური მიმართების ფონზე ვითარდებოდა. კრიტიკის ’’არაჯანსაღობა ’’ ალბათ უფრო კრებითი სახელია სხვადასხვა სენისა. ზოგჯერ ისინი ცალკე რეციდივებად ვლინდებიან, ზოგჯერ კომპლექსური სახე აქვთ. ყველაზე გავრცელებული სენი მაინც ანგაჟირებულობაა. მაგრამ ამაზე საუბარს რომ შევყვეთ, დიდ დროს წაგართმევთ. მოკლედ გეტყვით, მე მყავს ჩემი რჩეული კრიტიკოსები, პირველ რიგში ილია, კიტა აბაშიძე, გერონტი ქიქოძე, გურამ ასათიანი, თეიმურაზ დოიაშვილი და ლევან ბრეგაძე, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სხვა კარგი კრიტიკოსები გვაკლდა ან გვაკლია. ხ.ქ.: -საბავშვო ლიტერატურაზე რას იტყოდით, როგორც საბავშვო წიგნების ასაკის შემდეგ გაჩენილ ლიტერატურულ უფსკრულზე. მოზარდი თაობა დღეს სკოლის სახელმძღვანელოებში შეტანილი ტექსტების შემოკლებული ვარიანტებისა და იდეოლოგიური კომენტარების ამარა არის დარჩენილი. რას ისურვებდით, როგორი წიგნები წაეკითხათ? ნ.დ.: -ამ პრობლემის წინაში პირველად მაშინ დავდექი, როდესაც ჩემს შვილს თხუთმეტი წლის ასაკში ვერაფრით წავაკითხე ერთი კლასიკოსის დიდტანიანი წიგნი. -დედიკო, რატომ უნდა დავკარგო დრო ამხელა წიგნზე, როცა შენ შეგიძლია, შესანიშნავად მომიყვე, მერე მომინიშნო რჩეული ადგილები. გპირდები, აუცილებლად წავიკითხავ, – ასე მიპასუხა მან. მეც რაღა დამრჩენოდა, ’’საშინაო საკითხავი’’ შევუდგინე, რომლითაც მისი მეგობრებიც ხალისით სარგებლობდნენ. სკოლის პროგრამებს თვალს ვერ ვადევნებ, ამიტომ სიტყვაზე უნდა გენდოთ. იქნებ კომენტართა სიმწირე პედაგოგიური მეთოდიც იყოს, მიზანმიმართული იქითკენ, რომ მასწავლებლებს მეტი სივრცე დარჩეთ ნაწარმოების ცოცხალი ინტერპრეტირებისთვის? იდეოლოგიური კომენტარები – დასაფიქრებელია, კონკრეტული ნიმუშები რომ მენახა იქნებ რაღაც აზრიც გამომეტანა, ასე პასუხი მიჭირს. ვიცი, ბევრი მკითხველი არ დამეთანხმება, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩვენს შვილებს ნამდვილად აღარ სჭირდებათ იმდენი კითხვა, ჩვენ რომ გვჭირდებოდა, თუ ცხადია, ლიტერატურისადმი სპეციფიკური ინტერესი არა აქვთ, არ ოცნებობენ რომელიმე ჰუმანიტარული სფეროს სპეციალისტობაზე, ან რაღაც ამდაგვარზე. არის ასეთი კარგი ტრადიცია დასავლურ ქვეყნებში ’’მკითხველის დაიჯესტი’’, პირადად მე შინ მიდევს არაჩვეულებრივი რუსული მრავალტომეული გამოცემაც ’’მსოფლიოს ყველა შედევრი’’. ამ ტიპის გამოცემებში , მწერლის მოკლე ბიოგრაფიული ცნობების შემდეგ ძალზე მოკლედ გადმოცემულია მისი ესა თუ ის ნაწარმოები, ინტერპრეტაციის ან შეფასების გარეშე. ზოგ მათგანს ბოლოში დართული აქვს სარეკომენდაციო ლიტერატურის სიაც. ორიენტირებისათვის საუკეთესო საშუალებაა. ის კი არა და , ნეტავ რომელიმე გამომცემლობამ განახორციელოს ამ ტიპის ყოველწლიური საცნობარო კრებულის სერიის პროექტი . რამდენი რამ იბეჭდება, წაკითხვასა და თვალის დევნებას რომ ვერ ვასწრებთ! ეს უფრო პროზაულ ნაწარმოებებს შეეხება. ლექსთან შეხვედრისას მკითხველი ჯერ მარტო, შუამავლის გარეშე უნდა დარჩეს, მერე შეუძლია გაეცნოს კრიტიკოსთა ნააზრევსაც მის შესახებ. ხ.ქ.:- როგორ აღწერთ იმ დუღილს, რომელიც დღეს ქართულ პროზასა და პოეზიაშია: ფორმის, შინაარსის, ჟანრობრივი ცვლილებები. რა განაპირობებს რადიკალურ კატაკლიზმებს ლიტერატურაში? ნ.დ.:- ჩვენი თანამედროვე ლიტერატურა დღეს მკითხველზე და გამომცემელზეა ორიენტირებული. მკითხველს რომ არ იზიდავდეს, რაც იწერება, გამომცემლისთვისაც კომერციულად წამგებიანი იქნება ამა თუ იმ წიგნის დაბეჭდვა.. ასე რომ ამ საქმეში მთლად ავტორებსაც ნუ დავდებთ ბრალს. ცნობიერად თუ არაცნობიერად, ისინი თავისებურ საზოგადოებრივ დაკვეთას ასრულებენ. რაკი მეტ-ნაკლები საშუალება მაქვს, თვალი ვადევნო ჩვენი ლიტერატურის ბეჭდურსა და ინტერნეტ სფეროებსაც, შემიძლია გითხრათ, რომ ლიტერატურული პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს, მრავალფეროვანიც , უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი, ჭრელიც არის. ჩვენი თანამედროვე ლიტერატურა იმყოფება განვითარების იმ ფაზაში, რომლისთვისაც ჯერჯერობით დამახასიათებელია რაოდენობრივი და არა თვისებრივი ზრდა, მატება. თანამედროვე მწერალს მოეთხოვება, ერთი მხრივ, ქართული ლიტერატურული ტრადიციის , მეორე მხრივ, კი დასავლური კულტურის ახლებური რეცეფცია, შემდგომ ამ რეცეფციათა შეხვედრის წერტილების დაფიქსირება, შემდგომ… საკუთარი თავის , სათქმელის პოვნა… ყველაფერ ამას დიდი დრო მიაქვს, ჩვენ კი განა რამდენი ხანია, პოსტტოტალიტარული აზროვნების გავლენას დავეხსენით? გარეგნული იერის შეცვლა, ასე თუ ისე , ადვილია, არსობრივი მენტალური ცვლილებები დროს თხოულობს. ფორსირებულად ეს საქმე არ გამოდის. ლიტერატურა სპორტი არ არის. მჯერა, დამდგარ ათწლეულში არაერთი დღევანდელი ახალგაზრდა მწერალი და პოეტი შესძლებს ამ სირთულეების დაძლევას. პროზისა და პოეზიის უფორმობას რაც შეეხება, ნორმატიული პოეტიკის რღვევა და გარდამავალ ფორმათა არსებობა – ძველი ამბავია. ამ ვითარებას მე მაინც მშვიდად შევცქერი, რადგან ამა თუ იმ ჟანრს , ფორმას, ბუნებრივი განვითარებისათვის დასვენების ფაზებიც ესაჭიროება. დღეს ეს ფაზა კონვენციურ ლექსს უდგას. ხ.ქ.:- დასასრულს, თარგმანებზეც მსურს გკითხოთ. რა ახალი ტენდენციები შეიმჩნევა ამ მხრივ. რამდენად ინტენსიურად ითარგმნება უცხოური ლიტერატურა და რამდენად ხარისხიანად? ნ.დ.:- თუ წიგნის მაღაზიათა თაროებს თვალს მოვავლებთ, დავრწმუნდებით,რომ სხვადასხვა ჟანრის თარგმნილ ლიტერატურაზე მოთხოვნა წიგნის ბაზარზე აშკარაა. იმგვარი ინტენსიობით, როგორიც დღესაა, პირადად მე არ მაგონდება, თუ უცხოური ლიტერატურა ქართულად ოდესმე ითარგმნებოდა. ხარისხი, ცხადია, ერთგვაროვანი ვერ იქნება, რადგან უმეტესწილად ამ საქმით არაპროფესიონალი მთარგმნელები არიან დაკავებული, ისინი, ვინც უცხო ენა ასე თუ ისე კი შეისწავლეს, მაგრამ არ იცნობენ სათარგმნი მწერლის შემოქმედების სპეციფიკას, ლიტერატურულ კონტექსტს, რაც მთავარია, კარგად ვერ ფლობენ მშობლიურ ენას . არ შემიძლია, აქვე არ აღვნიშნო, რომ დავით წერედიანს გოეთეს ’’ფაუსტის ’’ თარგმანი, რომელსაც ასე ელის მკითხველი საზოგადოება, დღემდე ვერ გამოუცია უსახსრობის გამო. არც ერთიანი მთარგმნელობითი სტრატეგია არსებობს. არადა , პროფესიონალი მთარგმნელები და თარგმანის თეორეტიკოსები, ღვთის შეწევნით, არ გვაკლია. გასულ წელს, სხვათა შორის უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ჯგუფის ინიციატივით შესანიშნავი ’’თარგმანის კვირეული’’ მოეწყო.პროგრამა პროფესიონალ- მთარგმნელთა მასტერკლასებსა და დისკუსიებსაც ითვალისწინებდა.ახლახანს თარგმანის კონკურსიც გამოაცხადეს. მჯერა, ამ ტიპის ღონისძიებები ძალზე შეუწყობს ხელს მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარებას. დასასრულს კი ვიტყოდი, რომ მე ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენი ლიტერატურის მომავალს და მჯერა, ამის საფუძველიც არსებობს, თუმცა, ერთი შეხედვით – არ ჩანს.

Posted June 8, 2011 by bubucana in Uncategorized

არ შეიძლება ასეთი ადამიანების დავიწყება, მათ ყველაზე მთავარი დაგვიტოვეს, ის რაც სულიერად გვზრდის და გვაძლიერებს   Leave a comment

ლიტერატურა: არჩილსაც უყვარდა… კულტურა » ლიტერატურა  
 
17-02-2010, 11:11

არჩულ სულაკაურის დაბადების დღისთვის დაწერილი…
ხათუნა ქარდავა

ლიტერატურა: არჩილსაც უყვარდა... იცით სიმღერა ჟღალ მიმინოზე, ერთხელ გატანილ ლელოსა და სიყვარულის სიზმარზე?!
თითქმის ყველა ქართველის საყვარელი სიმღერის ლექსის ავტორი არჩილ სულაკაურია. ის თუ გაგიგიათ, ქონდარეთი რა ქვეყანაა? ეს კეთილი სალამურას სამშობლოა. ეს ლამაზი ზღაპარიც არჩილ სულაკაურმა დაგვიწერა. ის ერთნაირი პასუხისმგებლობით, მონდომებითა და გულმოდგინებით წერდა როგორც ჩვენთვის, ასევე პატარებისთვის. რამდენიმე დღის წინ მას ოთხმოცდასამი წელი შეუსრულდებოდა. სამოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა. უცებ, მოულოდნელად, სახეზე წყალი შეისხა და მორჩა. მწერალზე დღეს შვილი გიგი სულაკაური და მეუღლე , მერი სულაკაური საუბრობენ.

მამაჩემი, არჩილი.

„ ჩვენ არ ვიყავით მხოლოდ მამა-შვილი. ის ჩემი მეგობარიც იყო. ერთხელ მკითხა, ხომ არ გინდა, შენ შეადგინო ჩემი კრებულიო. ხმა არ ამომიღია. როგორც გინდა, ნება შენიაო, მხოლოდ ეს თქვა.

დიდხანს მწყდებოდა გული, უარი რომ ვუთხარი, მაგრამ მერე თავს ვიმშვიდებდი: რა ნიშნით, როგორ უნდა შემედგინა-მეთქი. ყველა ლექსს მიკითხავდა, დამირეკავდა ხოლმე და მეტყოდა, ხომ არ მოხვიდოდი, გიგი. უკვე ვიცოდი, მამასთან ახალი ლექსები ან მოთხრობა მელოდა. ყველა მისი ლექსი ჩემი ნაწილიც ხდებოდა. საუკეთესო დრო იდგა ჩვენს ცხოვრებაში. პატარები რომ ვიყავით, მაშინაც, მე და ჩემს ძმას დაგვსვამდა და თავის დაწერილ ზღაპრებს პირველად ჩვენ წაგვიკითხავდა. მერე გვაკვირდებოდა. ყველა ჩვენს რეაქციას სწავლობდა, ითვალისწინებდა, ერთი უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამოეპარებოდა.
მტკვარი უყვარდა ძალიან. მტკვის სანაპიროზე გაიზარდა, ჩუღურეთში, სადაც ყოფილი ვორონცოვის ხიდიდან მუხრანის ხიდამდე მდინარის წისქვილები იყო ჩამწკრივებული. ზეპირად იცოდა, წელიწადის რომელ დროს როგორ იცვლიდა ფერს მტკვარი, როდის დიდდებოდა. ნათქვამიც აქვს: მტკვარი რომ არა, მე სხვა ადამიანი ვიქნებოდიო.

ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, ბევრ კარგ ქართველსაც, მაგრამ ძალიან ცოტა მინახავს ისეთი, ვისაც არჩილივით უყვარდა თავისი ქვეყანა. თბილისის ომის ამბებს ძალიან განიცდიდა. სწორედ იმდროინდელ მოვლენებს მიუძღვნა სატირული ნაწარმოები „ანდერძი“, მაშინდელ პარლამენტარებზე დაწერა, „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოაქვეყნა და გვარი არ მიუწერია. ატყდა ერთი ამბავი. დაიწყეს ძიება, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ლიტერატურულად ძალზედ დახვეწილი ნაწარმოების ავტორი. მახსოვს, ბესიკ ხარანაული მოვიდა და დედას უთხრა, „ანდერძის“ სიღრმეები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არისო. მერე, რა თქმა უნდა, გაირკვა, რომ ნაწარმოები მამაჩემის იყო. თბილისის ომს იმდენად განიცდიდა, ხანდახან ვფიქრობ, შესაძლოა, მაგანაც მოუღო ბოლო-მეთქი.
ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორი იყო, მერე „მნათობში“ მუშაობდა. ორივეგან ბევრი კარგი წიგნი აქვს გამოცემული. „ნაკადულში“ მუშაობის“ დროს ქართული პოეზიის ანთოლოგია თხუთმეტ ტომად გამოსცა, „სერაფიტას“ სერიული გამოცემებიც ამ დროს დაიბეჭდა, ეს იყო წიგნები გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებაზე.
მერე „მნათობში“ იყო…

ერთ დღეს გამომცემლობაში გვიანობამდე შემოვრჩით. არ ვიყავით გუნებაზე. ოტია პაჭკორია ახალი გარდაცვლილ იყო. წამო, თითო ჭიქა დავლიოთო, – მითხრა. კაფე „თბილისში“ გადავედით. მთელი თბილისის ახალგაზრდა თაობის მწერლები იმ დროს იქ იკრიბებოდნენ.
იცი, ამათ ადგილზე რას ვიზამდიო, – მითხრა (კაფის ადმინისტრაცია იგულისხმა), – კედელს დავაწერდი, აქ უყვარდათ სიარული ედიშერ ყიფიანს, თამაზ მელიავას, გურამ ასათიანს, …ოტია პაჭკორიას, – ეს სახელი ხაზგასმით და ძალზე დაღონებულმა წარმოთქვა. როცა გარდაიცვალა, იმის მერე „თბილისთან“ რომ ჩავივლიდი ხოლმე, ვფიქრობდი: უკვე არჩილს, არჩილსაც უყვარდა- მეთქი. „

„მაპატიე, ეს პირველი წიგნია უშენოდ“, – მერი სულაკაური

„უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიცანი. არჩილი ასპირანტურაში სწავლობდა, მე მეორე კურსზე ვიყავი. მას მერე ერთად მოვდიოდით. ყველას აზრის მოსმენა და შენიშვნების გათვალისწინება უყვარდა. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც მის ნაწერებს კითხულობდა და აფასებდა. მისმენდა და მიჯერებდა ხოლმე. რომ გარდაიცვალა, მასზე მოგონებები, წერილები, სამძიმარზე ნათქვამი სიტყვები ერთად შევკრიბე და წიგნად გამოვეცი.“

ამ წიგნს ‘’ოთხივე მხრიდან“ ჰქვია და ასეთი მინაწერი აქვს: „არჩილ, ეს პირველი წიგნია, რომელიც შენ არ შეგიდგენია. უფრო სწორად, შენი გემოვნებით, მწერლის დაკვირვებული თვალით არ გადაგიხედავს. მაპატიოს ჯერ შენმა მაღალმა სულმა, თუ რაიმე შემეშალა და მერე,-მკითხველმა.“ მერი სულაკაური.
კრებული ლამაზად ნაცხოვრებ ერთ ქართველ მწერალზე მოგონებებს აერთიანებს. ამ ოჯახიდან სახსოვრად მე კიდევ ერთი წიგნი დამრჩა. კითხვა რომ დავიწყე, ზუსტად მივხვდი, რატომ იყო ბედნიერი ჩვენი მშობლების თაობა – იმიტომ, რომ მათ გვერდით ძია კოსტია, სუმბათა, მარუსია, ქალბატონი უსისკინა და კიდევ ბევრი სხვა თბილი ადამიანი ცხოვრობდა. კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი არჩილ სულაკაურის „თბილისურ ჩანახატებს“ და ყველაფერი გაგახსენდებათ, ხოლო თუ არ მოსწრებიხართ იმ კეთილ დროს, ეს გმირები ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, თქვენი სახლების კეთილ სტუმრებად იქცევიან.

 
     
    გაზიარება8  
 
 

  <!–

��������� ����������, �� ����� �� ���� ��� �������������������� ������������. �� ����������� ��� ������������������ ���� ����� �� ���� ��� ����� ������.

–>

Posted June 7, 2011 by bubucana in Uncategorized

ძალიან საინტერესო რჩევები დამწყებ მწერლებს დიდი მწერლებისგან, ყველაფერი შეიძლება ისწავლო:))) თუმც ნიჭთან ერთად   Leave a comment

 

  ლიტერატურა: დამწყებ მწერლებს ცნობილი მწერლებისგან კულტურა » ლიტერატურა  
 
5-03-2010, 16:45

ხათუნა ქარდავა
ლიტერატურა: დამწყებ მწერლებს ცნობილი მწერლებისგან ინტერნეტში განთავსებული ლიტერატურული საიტებისა თუ ბლოგების წყალობით, დღეს ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი ნაწარმოები გამოაქვეყნოს და თავი მწერლად ან პოეტად წარმოგვიდგინოს, ამით თავიც გაირთოს და ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ცოტა ხნით მაინც საქმეს მოწყვიტოს. თუმცა, მათ გარდა, არიან ნამდვილი მწერლები, რომელთათვისაც წერა ყოველდღიური რუტინული შრომაა. მათ ზუსტად იციან, როგორ იწერება წიგნები, აქვთ წერის გარკვეული წესები და საიდუმლოებები. ცნობილმა ჟურნალმა „THE GUARDIAN” თანამედროვე ამერიკელ და ინგლისელ პროზაიკოსებს თხოვნით მიმართა, შეედგინათ იმ წესების ნუსხა, რომელიც, სასურველია, რომ დამწყებმა მწერლებმა დაიცვან.

ნილ გეიმანი, მეზღაპრე („ამერიკელი ღმერთები“, „კარალინა“, ვარსკვლავური მტვერი“):
- წერეთ, სიტყვასიტყვით წერეთ, ეძებეთ საჭირო სიტყვა, აკეთეთ ჩანაწერები.
დაამთავრეთ ის, რასაც წერთ, რადაც უნდა დაგიჯდეთ, დაასრულეთ. მერე გვერდზე გადადეთ. ცოტა ხანში სცადეთ ისე წაიკითხოთ, თითქოს ამას პირველად აკეთებთ. აჩვენეთ მეგობრებს, ვისაც ლიტერატურა უყვარს და ვისი აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
დაიმახსოვრეთ: თუ ადამიანი ირწმუნება, რომ ტექსტში რაღაც ისე ვერ არის, ის თითქმის ყოველთვის მართალია, მაგრამ, როცა ის ცდილობს, გითხრათ, რა არ მოსწონს კონკრეტულად ან ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იცის თქვენი შეცდომა როგორ გამოასწოროს, მაშინ თავად ცდება.
ცვალეთ წინადადებები. დაიმახსოვრეთ, ადრე თუ გვიან, წინადადება, სრულყოფილ სახეს მიიღებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ახალი.
იხალისეთ თქვენს ხუმრობებზე.

მთავარი წესი კი იმაშია, გქონდეთ რწმენა, რომ რასაც მოისურვებთ, იმის გაკეთებას ყოველთვის შეძლებთ ( შესაძლოა ეს წესი არა მხოლოდ ლიტერატურას, ცხოვრებასაც კარგად მიესადაგება, მაგრამ ლიტერატურაში ნამდვილად ჭრის). ამიტომ, წერეთ ისტორია ისე, თითქოს ზუსტად ასე უნდა დაწერილიყო. წერეთ გულწრფელად, იმდენად კარგად, რამდენადაც შეგიძლიათ. არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა წესებიც არსებობს, ყოველ შემთხვევისთვის, უფრო მნიშვნელოვანი.
რიჩარდ ფორდი, მწერალი და სცენარისტი ( მისი სცენარის მიხედვით არის გადაღებული ფილმი „დამოუკიდებლობის დღე“):
-ცხოვრების თანამგზავრად ის აირჩიეთ, ვისაც უყვარხართ.
არ იყოლიოთ ბავშვები.
არ იკითხოთ რეცენზიები.
არ ღირს წერა და დალევა ერთდროულად.
არ ეცადოთ რედაქტორისთვის წეროთ.

როდდი დოილი, ირლანდიელი მწერალი (მისი წიგნის „ჯგუფი კომინტმენტსის“ მიხედვით ფილმი ალან პარკერმა გადაიღო):
- არ დადოთ საწერ მაგიდაზე თქვენი საყვარელი მწერლის ფოტო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ უკანასკნელმა ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.
სწრაფად წერეთ, დიდი ადგილების გამოტოვებით. ყოველი დაწერილი აბზაცი ისე აღიქვით, როგორც პატარა ტრიუმფი.
უნდა გქონდეთ ლექსიკონი, მაგრამ, რაც შეიძლება შორს საწერი მაგიდიდან, მაგალითად საწოლის ქვეშ ან მაცივრის უკან. უფრო ხშირად ის სიტყვები წერეთ, რომელიც თავში პირველად მოგივათ.
50 გვერდს რომ გადაცდებით, მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ დამშვიდდეთ და იფიქროთ ხარისხზე.
ცვალეთ აზრები, კარგი იდეებს უკეთესი იდეები კლავენ.
დღეში რამდენიმე წუთი დაუთმეთ იმ წინადადებების წერას, რომელსაც წიგნის ყდისთვის გამოიყენებენ, მაგრამ შემდეგ მთავარ საქმეს დაუბრუნდით.

ელმორ ლეონარდი, ამერიკელი მწერალი:
-არ დაიწყოთ რომანი ბუნების აღწერით.
დიალოგების წერისას შემოიფარგლეთ სიტყვით „უთხრა“. დიალოგში მონაწილე გმირების სიტყვები- სახისმეტყველებაა, შემასმენელი – ცხვირი, რომელსაც მწერალი „სხვის საქმეში ჰყოფს“. „უთხრა“ , – გაცილებით უპრეტენზიოდ ჟღერს, ვიდრე „დაუყვირა“, „მოატყუა“ და ასე შემდეგ.
არ აღწეროთ ზედმიწევნით დეტალებში ადგილები და ნივთები, თუ რა თქმა უნდა, თქვენ არ ხართ მარგარეტ ეტვუდი, რომელმაც ეს საქმე უბრალოდ, ძალიან კარგად იცის.

უილ სელფი, ბრიტანელი მწერალი:
- არ გადაიკითხოთ ტექსტი, სანამ შავად წერას არ მორჩებით.
იდეები ყოველთვის ჩაწერეთ ბლოკნოტში.
შეწყვიტეთ მხატვრული ლიტერატურის კითხვა. მათში მაინც ვერ ამოიკითხავთ იმას, რაც აქამდე არ იცოდით. ეს იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ბევრს კითხულობდით, თუ არა – მწერალი ვერ გახდებით.
და დაიხსომეთ, ლიტერატურა ეს არც თვითგამოხატვის გზაა და არც თერაპია. წიგნი მკითხველისთვისაა.

არ ვიცი, ეს წესები ჩვენს დამწყებ მწერლებს რამდენად გამოადგებათ. წერის პროცესი, ყველას, ალბათ, მაინც საკუთარი აქვს, თუმცა ამ რჩევების სასარგებლოდ გამოყენება ნამდვილად შეიძლება. მე წერას მოვრჩი და ერთი ფრაზა( ეს ფრაზა ჟურნალისტებსაც ნამდვილად გამოადგებათ) განსაკუთრებით დამამახსოვრდა: „წერას რომ მორჩებით, ტექსტი ისე წაიკითხეთ, თითქოს ამას პირველად აკეთებდეთ. ‘’

 
     
    გაზიარება12  
 
 

  <!–

��������� ����������, �� ����� �� ���� ��� �������������������� ������������. �� ����������� ��� ������������������ ���� ����� �� ���� ��� ����� ������.

–>

ასევე:

Posted June 7, 2011 by bubucana in Uncategorized

აი, კიდევ ერთი ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დღეს არ ჩანს, ის არჩილ სულაკაურის შვილია, შემდეგ პოსტი არჩილ სულაკაურის ღვაწლს მიეძღვნება, ამ თაობამ მის შესახებ თითქმის არაფერი იცის   Leave a comment

ლიტერატურა: იქ, სადაც გველოდებიან კულტურა, ლიტერატურა  
 
20-01-2010, 04:47

სტუმრად გიგი სულაკაურთან

ხათუნა ქარდავა
ლიტერატურა: იქ, სადაც გველოდებიან“ავდექი, აივანზე წინდებისამარა გავედი და სიგარეტი გავაბოლე. თოვლში ვიდექი და ვეწეოდი. უცებ რამ წამომიარა, ბიჭო, არ ვიცი, სიგარეტი მოვისროლე, მოაჯირს გადავევლე და წავედი. ალბათ, ვერასდროს გავიგებ, რა პრინციპით და კანონზომიერებით ჰქონდათ მეზობლებს სარეცხის თოკები დაყენებული…
- რა გინდოდა, ძმაო, რას დაეძებდი, საკუთარ თავზე თუ არა, დედაშენზე მაინც გეფიქრა, შენს მეტი არავინა ჰყავს ამ სამყაროში.
- იცი, ბიჭო, მაინტერესებდა, სისხლი ცხელია თუ არა.
- ახლა ხომ გაიგე, რომ ცხოვრება ტკბილია და სისხლი ცხელი.
- არა, ძმაო, მე დავრწმუნდი, რომ სისხლი მტკივნეულია.”
“თამაში რევოლვერით” – ასე ჰქვია გიგი სულაკაურის ბოლო კრებულს. მისი ცხოვრებაც ამგვარ თამაშს ჰგავს: რისკიანს, ლაღს, ოდნავ დარდიანს. გიგი სულაკაურის ყველა გმირი “ნაღდია,” ისინი, ვინც სიმართლით ცხოვრობენ და ისინიც, ვინც იტყუებიან, ისინი, ვისაც კლავენ და ისინიც, ვინც ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებენ.
17 მოთხრობა, რომლებშიც რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს საერთო ტკივილი აქვთ. თავად გიგი სულაკაურია ყველაში და ყველაა მასში. საბურთალოზე ცხოვრობს. კოსტავას 75 ნომერში. მოთხრობებში ტრისტანას დუქნის ხშირი სტუმარია, რეალობაში – იქვე სახლთან მდებარე კაფეში ჯდომა უყვარს. სახელი არ ახსოვს, მაგრამ თავად “მწვანე კაფე” შეარქვა. ხან მარტო ყავას სვამს, ხანაც – სვამს…. ხანდახან სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად. მერე მუზებიც მოდიან, ოღონდ მათ ფურცელზე გადატანას არ ჩქარობს. ჩანაწერებს სიმთვრალეში არასოდეს აკეთებს, ჯერ ფიქრები უნდა დაღვინდნენ, ფორმა მიიღონ და საკუთარი ადგილი იპოვონ. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის საინტერესო დეტალები მთელი ცხოვრების მანძილზე ამახსოვრდება. როცა უნდა, მაშინ დაწერს. თუ არც წერს და არც კაფეშია, ესე იგი თავის ახალგაზრდა მეგობრებს წიგნებსა და ცხოვრებაზე ესაუბრება, ქუჩაზეც… მათ, ვისაც “ეწერება” და ჰგონიათ, რომ პირდაპირ გიო ახვლედიანივით დაწერენ, უხსნის, რომ ასე ვერ იქნება, რომ ეს ურთულესი გზაა და თავადაც ახლა სწავლობს ქართულ ენას. მათ, ვისაც ქუჩაში დგომა უსაქმურობა ჰგონია, განუმარტავს, რომ ცდებიან, რომ ეს კარგი გამოცდილებაა, რომელსაც მერე სულ იყენებ და გახსოვს. ეხლაც, 52 წლის ასაკში, მიიჩნევს, რომ ეს გზა ყველა მამაკაცმა უნდა გაიაროს, ვინც აზროვნებს – გადარჩება, ვინც ვერა – დაიღუპება. თვლის, რომ ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა რამე და ახლანდელი “ქუჩის ბიჭებიც” მისი დროის “ქუჩის ბიჭებისგან” დიდად არ განსხვავდებიან. არ უყვარს სიტყვა ინტელიგენტი, თუმცა თავად სულით ხორცამდე ასეთია. სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა. ის არჩილ სულაკაურის შვილია. თამაზ ჩხენკელის, ოტია პაჭკორიას, მორის ფოცხიშვილის, მუხრან მაჭავარიანის გარემოცვაში იზრდებოდა. პირველი მოთხრობა შვიდი წლის ასაკში დაწერა, რუსულიდან ანდერსენის “ცუდი ბიჭები” თარგმნა. მერე საკუთარი მუზები “აფრთხიალდნენ” და ლექსი დაიწერა, მართალია, ქართულის მასწავლებლის შეკვეთით, მაგრამ აკროსტიხითა და სახელწოდებით “გაზაფხული”. ეს – 14 წლის ასაკში. მას მერე შეკვეთით არაფერი შეუქმნია. ბევრი სკოლა გამოიცვალა და ღამის სკოლაშიც ისწავლა. მერე იმასაც დაწერს, როგორ ესიზმრებოდა გრძელტარიან ცოცხებზე ამხედრებული მასწავლებლები (“იქ, სადაც გველოდებიან”), თუმცა მანამდე იყო ლექსები. მისი პირველი ლექსები ჟურნალ “ცისკარში” დაიბეჭდა. აქედან დაიწყო. მამის მეგობრებმა, დიდმა მწერლებმა, ის კაფე “თბილისში” დაიბარეს (იქ, სადაც ახლა სასტუმრო “მერიოტია”) და პირდაპირ “დავალება” მისცეს: გააგრძელე. ასე შეიქმნა კრებულები: “საგნები თოვლში”, “კედელი”, “ზოდიაქოს ბორბალი”, “ხეები, ბიჭი და სხვ.”, “ქუჩის ბიჭების გასაგონად”. 2009 წელს პრემია “საბას” მფლობელი გახდა, კრებულისთვის “თამაში რევოლვერით”. ეს არის მწერალი, რომელიც მაშინვე წყვეტს წერას, როცა ხვდება, რომ რაღაცას კეკლუცობს, როცა აღმოაჩენს, რომ განცდილი და ფურცელზე გადატანილი ერთმანეთს არ ემთხვევა. “დილიდან საღამომდე შეუსვენებლად არასოდეს მიწერია, თუ ვხვდები, რომ “პრანჭიაობას” ვიწყებ, ვდგები. კიდევ ერთი ჩემებური წესი მაქვს, დაწერილს იმ დღესვე არ ვკითხულობ, ძალიანაც რომ მინდოდეს, მხოლოდ მეორე დღეს ვუბრუნდები. წერის დროს აბსოლუტურად ფხიზელი გონება უნდა მქონდეს. ადრე უფრო ღამით ვმუშაობდი, ახლა წერა დილით მირჩევნია, მაშინ, როცა ყველაზე საღად ვაზროვნებ”.
“შენ ოფელია არა ხარ, რამაზ, მაგრამ აქ ლარიანი არყით ლოთობას, წადი, წადი რა მონასტერში, სულის სიმშვიდეს მაინც იპოვი…” (“სიბრძნე სიკვდილასი”).
გადარჩენის გზა ყველას თავისი აქვს. გიგი სულაკაურისთვის ეს გზა ადამიანებზე დაკვირვება, მათთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობებიდან მიღებული ემოციების ფურცელზე გადმოტანაა. მერე კითხულობ წიგნს და შენც ხედავ, როგორ იხატება ქვიშისფერ ცაზე ყვავილები, გრძნობ, როგორ “ფქვავს თბილისი თავის რჩეულებს, პრესავს, აქუცმაცებს, შებოლავს და საბოლოოდ დაფასოებულებს გულში იხუტებს” (“ნაბიჯები ნასესხებში”), როგორი მძიმეა ნაბიჯები ნასესხებში, რომ ჩვენს ქალაქში ქარის მოტანილ, უმისამართოდ ამოსულ მზეს ქარი ვერ მოერევა, რომ აქ ყველას თავისი ტრიუმფალური თაღი აქვს, გრძნობ, რომ ცხოვრება ტკბილია და სისხლი ცხელი. მერე რა, რომ აივნიდან თავით არ გადაშვებულხარ. გიგი სულაკაურთან ცხოვრება მრავალწახნაგოვანი ყოველდღიურობაა, ხან მზისფერი და ხანაც ნაცრისფერი.
“მეზობლის ნათელ ლოჯიიდან ვძვრები ოთახში, ჩემს ბნელ ოთახში… და კარს ვუღებ მას, ჩემივე თავს, გარეთ რომ დგას და გასაღების დაკარგვას დარდობს.” ეს ვოვა მაჩაიძის ლექსია, მას “ლურჯი მაკინტოში აცვია და გაყვითლებული ფოთლისფერი თმითა და ულვაშით უცნაურად გამოიყურება” (“იქ, სადაც გველოდებიან”), თუმცა, მათ, ვისაც ბირჟაზე ყოველდღე ხვდება, არც კი იციან, რომ ვოვა ლექსებს წერს. ვოვას ლექსებს ბევრი მისი სიკვდილის შემდეგ კითხულობს. მერე რა, რომ მასთან ერთად “ხეტიალის აბსურდზე” მსჯელობდნენ ხოლმე მაშინ, როცა ჰაერში ლამპიონივით ანათებდა მარადიული შეკითხვა: რა ვქნათ?! ამ კითხვაზე პასუხს გიგი სულაკაურთან ნამდვილად იპოვით. იფიქრეთ ყველაფერზე, რაც აგაღელვებთ, აქციეთ ცხოვრების ყველა დეტალი ზღაპრად მოხეტიალე მზეჭაბუკებსა და კეთილ ფერიებზე, და ამ ზღაპარში თუნდაც ბევრი ეძინოთ მზეჭაბუკებს, ფერიები კი გადაბერდნენ და მეხსიერება ღალატობდეთ. თქვენ წვიმა გამოგაფხიზლებთ და იქ მიგიყვანთ, სადაც გელოდებიან. გიგი სულაკაურის კრებულის წაკითხვის შემდეგ იქნებ შეძლოთ დროსა და სივრცეში გადახტომა მაშინ, როცა ბედი გიმუხთლებთ და ლიფტში გაიჭედებით, როცა სიბნელეში ვირთხის სუნი გამძაფრდება, სიგარეტი გამოგელევათ და მდარე კონიაკის ბოლო “ყლუპსაც” გადაკრავთ, აბა, სცადეთ და მცხეთის მზით განათებულ სადგურზე აღმოჩნდით, თუნდაც იქ საზეიმო მარში ისმოდეს და “დევქალი ზედამხედველები” ბრძანებებს გასცემდნენ. ამ დროს შეიძლება ფიდელ კასტრომაც დაგიძახოთ და საუბარში ხრუშჩოვი ჩაერთოს (“ბელადების მარში”). აქ აღმოაჩენთ, რა ადვილია სიკვდილი მაშინ, როცა სახეზე ფოთოლი გაქვს აფარებული” (ფოთოლი სახეზე”), რა გარდაუვალია ბედისწერა, როცა რევოლვერით თამაშობ. იფიქრებ იმაზეც, რომ ამ თამაშის დროს ერთი ადამიანის სიკვდილი მეორის ბრალი ვერ იქნება, რომ ეს ორი ამოუცნობი რამ, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, მხოლოდ Pპირადი საკუთრებაა. ეს კრებული დაგანახებთ, როგორ შეიძლება გადაშენდეს ადამიანი, ჯერ დაიჭმუჭნოს, დაიშრიტოს, დაცარიელდეს და მერე გადაშენდეს, სულ უბრალო მიზეზის გამო, მაგალითად, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც ვიღაცამ სახეში სილა გაარტყა.
ეს კრებული აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, მაშინაც, თუ გინდათ, რომ ცხოვრებისეული ტკივილები უბრალო ამბად მოგეჩვენოთ. მერე რა, რომ სერგიას განუყრელი მეგობრები განუდგნენ. გზააბნეული პერსონაჟის ცხოვრებაზე მწერალი ისე სადად გვიყვება, ისე მარტივად… და ეს სიმარტივე ბოლოს ასეც შეიძლება დამთავრდეს: “სერგია ფსიქიატრიულშია და ჯერჯერობით სეირნობის ნებას არ რთავენ, _ აწყვეტილი გიჟია” (“უბრალო ამბავი”). გიგი სულაკაურთან კარგად დაინახავთ, ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო რამემ როგორ შეიძლება წონასწორობა დაგირღვიოთ, საკუთარი უმწეობა გაგრძნობინოთ, გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგადენინოთ. მაგრამ გამოსავალი მწერალთან ყოველთვის არის, ისევე, როგორც ცხოვრებაში. თუმცა აქ ეს გამოსავალი უფრო ნამდვილია, ვიდრე რეალობაში. აქ ახალი იმედი მეორე ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვებით იბადება: “– მე ვილოცებ, შენთვის, – მტკიცედ ამბობს ლევანა, ეს ყოვლად უღმერთო ადამიანი”. ხანდახან კი შველა “უმარტივესი უჯრედივით უმარტივესი საზოგადოებიდან გამოყოფაა” (“ყვავები და ყაყაჩოები”). ყველაზე მაგრები კი ისინი არიან, ვისაც არც “სიფათი ჩამოსტირით და არც იუმორის გრძნობას კარგავენ” (“ღვინო და ყვავილები”). ზუსტად ასეთები არიან გიგი სულაკაურის გმირები, ასეთია თვითონაც. კითხვაზე, ვინ არის გიგი სულაკაური, თავად ასე პასუხობს: “ეს არის ნიკო ფიროსმანიც, პიკასოც, ტოლსტოი, ჰემინგუეი, დავით ყიფიანი, და ბევრი, ბევრი კიდევ სხვა ვინმე. ჰერმან მელვილის “მობი დიკი” მისი საყვარელი წიგნია. ამბობს, რომ ნაღდ მკითხველს გამხნევება არ სჭირდება, სხვებს ურჩევს, ბევრი იკითხონ. სულ ფორმაში ყოფნას გვპირდება. …ოღონდ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამისთვის ყოველდღე წერაა საჭირო, არ ეთანხმება. მერე ერთი ბრიტანელი პოეტის კრედოდ ქცეულ ფრაზას იხსენებს: “ადამიანი არ არის კუნძული, თავის თავში ჩაიკეტოს” და ყვება სხვა ჯურის კაცებსა და სხვა ჯურის ქალებზეც. ჰო, ქალები. ეს ის თემაა, რომელსაც ძალიან უფრთხილდება, რომელსაც ინახავს და მკითხველისთვის სამომავლოდ ამზადებს. მის მოთხრობებში ქალი უბრალოდ ჩაგიქროლებს ან “გაგაქროლებს.” ჯიმი (მოთხრობა “იქ, სადაც გველოდებიან”) ტაქსისტ ქალებთან კონტაქტს ვერაფრით ამყარებს, მათთან თავს უხერხულად გრძნობს და სულიერ დისკომფორტს განიცდის. სხვა პერსონაჟი მაიკოსთან ერთად ფიფქებზე საფეხურებივით ადის და მათ სამშობლოს პოულობს (“ნიმფები, კენტავრები”). გიგი სულაკაური ორივეა. ერთგან ღმერთს შესთხოვს, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ მოუვლინოს და მეორეგან ფიფქებს დასდევს. ვერც ლილის პირველ შეხებას ივიწყებს და ვერც ლიზას, რომელიც “შმოტკებითა” და მანგოს ნივთებით სავსე ჩანთით სადღაც მიემგზავრება. სვეტაც არის, კლასელი ნაშა. მასთან ერთად გაჩერებაზე დგას და ავტობუსს ელოდება, “ცხოვრების ბანკში” სიყვარულის შესატანად. ქალები ერთნაირად მსუბუქად, მაგრამ სხვადასხვა ემოციით “გაირბენენ” სტრიქონებს შორის. ყველა ქალი უყვარდა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონია. ამ თემაზე მეტი არაფერი უთქვამს. უბრალოდ, გაეღიმა, და მე მომეჩვენა, რომ რაღაც თავისთვის საგულდაგულოდ დაიტოვა. ალბათ დაწერს. და, ალბათ, ეს იქნება სულ სხვა რამ, ვიდრე სიყვარულის გაცვეთილი ისტორიაა.

 
     
     
 
 

  <!–

��������� ����������, �� ����� �� ���� ��� �������������������� ������������. �� ����������� ��� ������������������ ���� ����� �� ���� ��� ����� ������.

–>

Posted June 7, 2011 by bubucana in Uncategorized

ინტერვიუ პოეტ ვახტანგ ჯავახაძესთან   1 comment

პოეტ ვახტანგ ჯავახაძესთან შეხვედრის შემდეგ ბევრი ვიფიქრე, წერილი რითი დამეწყო, თავად პოეტის შემოქმედებაზე საუბრით თუ „უცნობით“, პოეტის მიერ გალაკტიონზე დაწერილი იმ წიგნით, რომლიდანაც გალაკტიონის ცხოვრების უცნობი დეტალები მკითხველმა პირველად ამოიკითხა, პირველად წაიკითხა გალაკტიონის  ნახატების შესახებ, პირველად გაიგო, რა სიღატაკეში ცხოვრობდა პოეტი-გენია, პირველად იგრძნო , როგორ ვერ დააფასა ქართველმა საზოგადოებამ შემოქმედი, რომლის სწორი ქართულ პოეზიაში ახალმა საუკუნემაც  ვერ მოიყვანა. პოეტ ვახტანგ ჯავახაძეს გალაკტიონის სახლ-მუზეუმში შევხვდი და გალაკტიონზე ბევრი მესაუბრა, მაგრამ  პირველი , რაც ვახტანგ ჯავახაძის საუბრიდან წერილის დაწყებისას გამახსენდა, ეს ფრაზა იყო: „ უცნობი“ რომ დავწერე, ბესიკ ხარანალურმა მითხრა, ვახტანგ, ამ წიგნის შემდეგ, შენ ყველა დაგივიწყებს როგორც პოეტს, მაგრამ , როგორც „უცნობის“ ავტორზე, ბევრს ისაუბრებენ“.

როგორც „უცნობის“ ავტორზე, მასზე მართლაც, ბევრი დაიწერა, ამიტომ, პოეტ ვახტანგ ჯავახაძის შეხსენებით დავიწყებ, ლირიული და ძალიან ორიგინალური ლექსების ავტორზე საუბრით.

 ორიათასორ სტრიქონამდე

 ქუთაისში დავიბადე. პირველი ლექსი თორმეტი წლის ასაკში დავწერე.  თბილისში რომ გადმოვედით, პიონერთა სასახლის ლიტერატურულ წრეზე შევედი.იქ გავიცანი ბავშვები, რომლებიც ლექსებს წერდნენ, მათ შორის იყვნენ, ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ ჭილაძე, გივი გეგეჭკორი. მერე ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე, უგამოცდოდ ჩავირიცხე, მაშინ ჟურნალისტიკა თითქოს შემოქმედი ხალხისთვის იყო. ჩემს ჯგუფში იყვნენ ტარიელ ჭანტურია, ზაურ ბოლქვაძე, თამაზ ბიბილური. პოეტების ჯგუფი შეგვარქვეს. უნივერსიტეტი მაშინ გამოსცემდა გაზეთს „პირველი სხივი“, ჩვენი ლექსები იქ იბეჭდებოდა, მერე „ცისკარმა“ დაიწყო ჩვენი პოეზიის ბეჭდვა და ცისკრელები შეგვარქვეს. პირველი კრებული მოგვიანებით გამოვეცი.  ჩემი კრებულები არ დამითვლია, მაგრამ  ალბათ, ათზე მეტია. არც ის ვარგა, მწერალმა, სულ, გამუდმებით წეროს, და არც ის, იშვიათად მიუჯდეს საწერ მაგიდას. ჩემს შვილს მაგას ვსაყვედურობ,  რომ ცოტას წერს, თორემ, ისე, რასაც წერს, მომწონს, საინტერესო ხედვა აქვს, თუმცა ნაწერებს დაბეჭდვამდე არასოდეს მაკითხებს, ირაკლის მოთხრობებს მე მხოლოდ გამოქვეყნების შემდეგ ვკითხულობ. ჩვენ არ ვავსებთ ერთმანეთს შენიშვნებით, მაგრამ ერთმანეთის შემოქმედებას ძალიან კარგად ვიცნობთ…

პატრიოტიზმსა და პატრიოტულ პოეზიაზე ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს.  მართალია, პატარა ქვეყნის შვილმა  სამშობლოზე უნდა წეროს, მაგრამ არც გადამეტებული პატრიოტიზმი ვარგა. არ მომწონს გაუთავებელი ტრაბახი, თუმც ჩვენ გვყავს პოეტები, რომელთაც დიდებული ლექსები აქვთ პატრიოტულ თემაზე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე… მე უფრო ლირიკა მიზიდავს: პირამიდა, ფიგურული ლექსები, გრაფიკული ლირიკა. ჩემს შემოქმედებაზე გავლენა, ალბათ, მხატვრობის სიყვარულმაც იქონია. ჯერ ვხატავდი და ლექსების წერა მერე დავიწყე.მხატვრობის სიყვარული მერე სხვა რამეზე გადავიტანე, უნიკალური რეპროდუქციების ალბომების შეგროვებაზე, იშვიათი რეპროდუქციების კოლექცია მაქვს, თავის დროზე საკმაოდ ძვირად შეძენილი. მატერიალურად არასოდეს მილხინდა, მაგრამ კოლექციისთვის წიგნების საყიდლად ფულს არ ვიშურებდი. ბოლო კრებული 2002 წელს გამოვეცი, „2002 სტრიქონი“ დავარქვი.

„დამიჩქარე, ძამიკო“…

 გამომცემლობა, სადაც მე ვმუშაობდი, გალაკტიონის სახლის მოპირდაპირე მხარეს იყო. პირველად ის გამომცემლობაში ვნახე, 1957 წელს. უზარმაზარი მასალა მოიტანა, ცხრა ტომის გამოცემა უნდოდა, ჩქარობდა. ძალიან დიდ მასალასთან მომიხდა შეხება, ბევრი გამორჩენილი, გამოუქვეყნებელი ლექსი მოვიძიე და კრებულში შევიტანე. მოუთმენლად ველოდი გალაკტიონის შეფასებას, მის აზრს, მაინტერესებდა, მოექონებოდა თუ არა, ჩემი შედგენილი რჩეული. შევთავაზე, ლექსები ციკლებად დაგვეყო. პირველი ციკლის სათაური რომ ვუთხარი, ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამომართვა და მითხრა: მომილოცავს ძამიკო!. „დამიჩქარე, ძამიკო, დამიჩქარე და მე ვიცი შენი პატივისცემაო,-თან ხელს წელზე იდებდა, თითქოს ამით მეუბნებოდა, ჯანმრთელობის გამო ვჩქარობო. 1959 წლის თებერვალში რედაქციაში უკანასკლენად მოვიდა, მერე თავი მოიკლა. წიგნი გაზაფხულზე გამოვიდა, გალაკტიონი მის გამოცემას ვეღარ მოესწრო…

რამდენჯერ ავდევნებივარ ქუჩაში . ერთხელ მარჯანიშვილის თეატრიდან გამოვედით მე და ჩემი თანაკურსელი გოგონა. ხიდზე გალაკტიონი შეგვხვდა, მოგვესალმა და ჩემს მეგობარ გოგონას ასე მიმართა:  „რა ლამაზია მტკვარი, აქ ბარათაშვილს უყვარდა სიარული, და საერთოდ, კარგია მტკვარში თავის დახრჩობა“. მაშინ გამიკვირდა, ეს რატომ თქვა-მეთქვი, მერე , როცა მისი ცხოვრება საფუძვლიანად შევისწავლე, ისიც აღმოვაჩინე, რომ თვითმკვლელობაზე გამუდმებით ფიქრობდა…

„უცნობის“ წერა კი სულ სხვა მიზნით დავიწყე. მე მინდოდა დამეწერა წერილი – გალაკტიონი, როგორც ავტორი, რათა გამეფრთხილებინა გალაკტიონის მომავალი ტექსტოლოგები, რომ არ დაყრდნობოდნენ შემდგენელთა და რედაქტორთა არჩევანს, რადგან ზოგი მათგანი თარიღს ცვლიდა, ზოგი რაღაცას აკლებდა, ასწორებდა და ა.შ. თანაც მე მინდოდა ჩემ მიერ შერჩეული ლექსების დედნები მენახა. ამ მიზნით მივედი ლიტერატურის მუზეუმში, მაგრამ მისი არქივი იმდენად დიდი და საინტერესო აღმოჩნდა, რომ შემიტყუა და წიგნის დაწერა გადავწყვიტე

თვითმკვლელობა პროტესტია და ქვეყნის პირველი პოეტის ცხოვრების ასეთი დასასრულის გამომზეურება ხელისუფლებას მაშინ  არ აწყობდა, ამიტომ წიგნი დასრულებული მქონდა, მაგრამ ორი წელი გამოცემას ვერ ვახერხებდი.

მე მინდოდა დამეწერა წერილი – გალაკტიონი, როგორც ავტორი, რათა გამეფრთხილებინა გალაკტიონის მომავალი ტექსტოლოგები, რომ არ დაყრდნობოდნენ შემდგენელთა და რედაქტორთა არჩევანს, რადგან ზოგი მათგანი თარიღს ცვლიდა, ზოგი რაღაცას აკლებდა, ასწორებდა და ა.შ. თანაც  მინდოდა ჩემ მიერ შერჩეული ლექსების დედნები მენახა. ამ მიზნით მივედი ლიტერატურის მუზეუმში, მაგრამ მისი არქივი იმდენად დიდი და საინტერესო აღმოჩნდა, რომ შემიტყუა და წიგნის დაწერა გადავწყვიტე.

გალაკტიონის შემოქმედების კვლევას ახლაც ვაგრძელებ, შესაძლოა წიგნადაც გამოვცე და „ისევ გალაკტიონი“ დავარქვა.

შარშან კი, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ იმ ადგილას, სადაც პოეტმა თავი მოიკლა( (ვაკეში, ჭავჭავაძეზე, სამკურნალო კომბინატის ეზოში) მემორიალური ქვა დაედგათ.ძალიან გთხოვთ, წერილში ახსენოთ იმ ადამიანთა გვარები, ვინც ქალაქის მერიის ხელსეწყობით ამ საქმეს თავი მოაბა:მოქანდაკეები ნუგზარ მანჯაფარაშვილი და დავით ფირანიშვილი, ქვა ყაზბეგიდან, თამაზ ხუციშვილის საწარმოდან ჩამოიტანეს. იდეა მე და თენგიზ მირზაშვილს გაგვიჩნდა. გული მოგვიკვდა, როცა ვნახეთ, გალაკტიონის თვითმკვლელობის ადგილზე აშენებული საქვაბე.

ჩვენი საუბარი  გალაკტიონის მუზეუმში დაცული არქივის დათვალიერებით  სრულდება. ბატონი ვახტანგი ამ მუზეუმის უფროსი კონსულტანტია. „ფოტოების გადაღება უყვარდა, -განაგრძობს ბატონი ვახტანგი, -მაგრამ, უბრალო ადამიანებთან კონტაქტი უფრო იზიდავდა, დაუკვირდით, ინტელიგენციასთან გადაღებულ კოლექტიურ სურათებში როგორ განმარტოებით დგას, მოწყენილი…

Posted June 6, 2011 by bubucana in Uncategorized

Follow

Get every new post delivered to your Inbox.